weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„სამურაი კრაზანა“ ფუტკარს არანაირ ზიანს არ აყენებს - ლევან უჯმაჯურიძე

00:02 სამშაბათი, 06 მარტი 2018

„სამურაი კრაზანას“ საქართველოში შემოყვანაზე ჯერ საუბარიც არ არის, - ამის შესახებ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივი მტრის შემოყვანამდე, საჭიროა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, რაც ჯერ არ დაწყებულა.

„ამ კვლევებისთვის საჭიროა სპეციალური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის მოწყობა, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების მეორე და მესამე დონე, ეს იმისათვის, რომ თუ როდესმე საქართველოში საცდელი მიზნებისთვის შემოვა ე.წ. სამურაის კრაზანა, მოხდეს მისი ლაბორატორიულ პირობებში გამოცდა და არა გარემოში მიგრაცია“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

მისივე თქმით, „სამურაი კრაზანა“ არის საშუალოდ 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი მწერი. „მისი ძირითადი დანიშნულებაა აზიური ფაროსანას კვერცხების პარაზიტობა, ანუ ის კვერცხებს დებს აზიური ფაროსანას კვერცხებში, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ „სამურაი კრაზანა“ იჩეკება. ფაროსანა საშუალოდ 200 კვერცხს დებს, ხოლო ერთ მდედრ კრაზანას მათგან მაქსიმუმ 40-ის პარაზიტირება შეუძლია“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მტკიცებით, „სამურაი კრაზანა“ არ ესხმის თავს ცხოველებსა და ადამიანებს, ასევე არც სხვა მწერებს: „რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ის არის ფუტკრის და ასევე გარემოში არსებული სასარგებლო მწერების მტერი, ამას ვერ დავადასტურებ, განსაკუთრებით ფუტკართან მიმართებაში ის არავითარ მავნეობას არ აკეთებს“.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. წელს მავნებლის მასობრივად გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც არის მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]