weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფაროსანას წინააღმდეგ ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი დარეგისტრირდა

12:18 სამშაბათი, 13 მარტი 2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში ან მცირე რაოდენობის მავნებელთან გამოიყენება.

„აქამდე იყო და არის დარეგისტრირებული თურქული პრეპარატი. წელს დარეგისტრირდა ქართული პრეპარატი. შემადგენლობა ერთნაირია, თუმცა ბიოლოგიურ პრეპარატებს ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით ნაკლები ეფექტურობა აქვს. ის გამოიყენება მაშინ, როცა არის ბიო მეურნეობა და იქ არ შეიძლება ქიმიური პრეპარტების გამოყენება, ან კიდევ მავნებლის რაოდენობა მცირეა. ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს საწყის ეტაპზე, როდესაც მავნებელი იმყოფება ნიმფის, ანუ მატლის ფაზაში და მეტი მიმღებლობა აქვს პრეპარატის მიმართ. თუ ადამიანი ბიოლოგიური პრეპარატით თავის საკარმიდამო ნაკვეთს რამდენჯერმე შეწამლავს, ალბათ სასურველ შედეგს მიაღწევს“, - აცხადებს ლიპარტია.

საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით ბაღლინჯოს გამრავლების საწყისი ეტაპი აპრილი-მაისის პერიოდია.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ქართული ბუნებრივი პრეპარატია შექმნილი, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი. პროცედურის თანახმად, რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. ფაროსანას გავრცელებას წელს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც ვარაუდობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]