weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

20:52 პარასკევი, 23 მარტი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა.

„შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსოებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.

ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ხანძრამდე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ჩატარდა გეგმიური შემოწმება, გამოვლინდა დარღვევები, რომელთა გამოსასწორებლად პასუხისმგებელ პირებს მიეცათ გონივრული ვადა. განმეორებითი შემოწმება სასტუმროში 2017 წლის 20 ივნისს განხორციელდა, რის შედეგადაც, „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ფაქტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარია. პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა, უშუალოდ ხანძრის მომენტში, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, - აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]