weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

18:10 კვირა, 25 მარტი 2018

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფატი იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი მიქელაძისა და ფატი იაუზის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.

გიორგი მიქელაძის ადვოკატი პაატა ბოლქვაძე აცხადებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„გიორგი მიქელაძეს ედავებიან იმ ფაქტს, რომ თითქოს ის ტექნიკური საწყობის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი პირი იყო. სასტუმროს საქვაბეში რა იყო დასაწყობებული, ამაზე ის პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა, რადგან შრომითი ხელშეკრულებით სხვა უფლებამოსილება გააჩნდა“, – აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

„მოსამართლის გადაწყვეტილებაში უფრო ემოციური ფაქტორი ჭარბობდა, ვიდრე სამართლებრივი, რაც მომხდარი ტრაგედიის ფონზე გასაგებია. ბრალდებულებს გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნდათ, მაგრამ ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ვაანალიზებთ საქმის მასალებს. პასუხისმგებლობაზე და ბრალეულობაზე საუბარი წინ გვაქვს. ვფიქრობთ, იყო შესაძლებლობა, დაპატიმრება არ მომხდარიყო და როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, პირი არ უნდა იქნეს დაპატიმრებული“, – განაცხადა ფატი იაუზის ადვოკატმა კახა წერეთელმა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფატი იაუზი და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გიორგი მიქელაძე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით 23 მარტს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფატი იაუზიმ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გიორგი მიქელაძემ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა - სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

„კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ.-მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები, რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა. ძლიერი დაკვამლიანების შენობაში გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ. ამასთან შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყი სიგნალიზაციით, რაც ფ.ი-ის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]