weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე და 6 მოხელე პასუხისგებაში მისცეს

13:45 ორშაბათი, 26 მარტი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და გამგეობის კიდევ ექვსი მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა ხუთ-ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

გამგებლის ყოფილი მოადგილის დიმიტრი კალატოზიშვილის გარდა ბრალდებულები არიან გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბაჩუკაშვილი, განყოფილების უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი, იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი, გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ქალაქ გურჯაანში დიმიტრი არევაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „მოხელეს“ (დირექტორი თემურ ფურცელაძე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ე.წ. „საქმიანი ეზოს“ მოწყობას ითვალისწინებდა. სამუშაოების ღირებულება 44 849 ლარი იყო.

გამოძიების მტკიცებით, შპს „მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048 ლარის სამუშაოები. შპს „მოხელეს“ დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფურცელაძემ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351 ლარი, რაც წარადგინა გურჯაანის გამგეობაში.

სუს-ის ინფორმაციით, გამგეობის კომისიამ, რომლის წევრებიც აღნიშნული პირები იყვნენ, 03 ნოემბერს შეადგინა დასკვნა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო, რის შემდეგაც შპს „მოხელეს“ თანხა ჩაერიცხა. მოგვიანებით კი, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ იყო. თემურ ფურცელაძე საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი 14 302 ლარი.

ანტიკორუფციული სააგენტო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სუს-ის განცხადებით, ნოდარ შავკაციშვილს, თეიმურაზ ბაჩუკაშვილს, გიორგი ამისულაშვილს და ივანე ქუმსიაშვილს ბრალდებულად ცნობის შემდეგ შეუწყდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. დანარჩენი სამი მოხელე კი უკვე გათავისუფლებული იყო გურჯაანის მერიიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]