weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მესტიაში ქალები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გზაზე დაწვნენ და ტექნიკას არ უშვებენ

13:42 შაბათი, 31 მარტი 2018

მესტიაში რამდენიმე ქალი საავტომობილო გზაზე დაწვა და „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებელი კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეთა შორის ორსული ქალიცაა, რომელიც არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის შეწყვეტაზე უარს ამბობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

„ჩემი და ჩემი შვილის მომავლის განადგურება უნდათ. ამის საშუალებას არ მოგცემთ“, - ამბობს ორსული ქალი.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დღეს, დილიდან „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის განახლების მიზნით, მესტიაში მძიმე ტექნიკა სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით შეჰყავთ.

„ვთხოვთ, ყველას თანადგომას. მესტიაში ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. ხალხი შველას ითხოვს, ფეხმძიმე ქალი გადაუწვა სპეცდანიშნულების და სამშენებლო კომპანიის მანქანებს, რომ არ გაატაროს სვანეთის დამსჯელები“, - ამბობს მანანა საღლიანი.

სვანეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები რამდენჯერმე გაიმართა. 5 მარტს, მესტიაში ლალხორი (სვანეთის თემების წარმომადგენელთა კრება) შეიკრიბა და ჰესების მშენებლობის აკრძალვის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.

„კატეგორიულად ვკრძალავთ მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარებას. ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტი ჰესი“, - ნათქვამია ლალხორის განცხადებაში.

ლალხორის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს, სახელმწიფომ, გაერომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სვანები სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარონ: „შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი“.

დაბა მესტიაში „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ აშენებს. საპროტესტო აქციების შემდეგ, კომპანიაში განაცხადეს, რომ ორივე ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ინვესტიციის 2/3 უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]