weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აქციაზე დაკავებული 5 ახალგაზრდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

16:56 შაბათი, 07 აპრილი 2018
აქციაზე დაკავებული 5 ახალგაზრდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს ფოტო © EMC

ტყიბულელი მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 5 ახალგაზრდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს. დაკავებულების ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე საქმის მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის გადადება მოითხოვა. მომდევნო სხდომა 20 აპრილს გაიმართება.

ახალგაზრდებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ აქტივისტები კონსტიტუციურ უფლებას - შეკრების თავისუფლებას იყენებდნენ, რასაც პოლიციელების მხრიდან პროვოკაციული ქმედება და მათი დაკავება მოჰყვა.

„აუდიტორია 115“-ის აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ დაკავების გზით სახელმწიფოს უნდა ახალგაზრდების პროტესტი ჩაახშოს.

„მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდით როგორ გვითვალთვალებდნენ სხვადასხვა ადგილზე, როგორ გვიღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სუს-ის თანამშრომლები. გუშინდელი დაკავება იყო სწორედ ამ ზეწოლის დაგვირგვინება, რომ ეს პროტესტი ცოტათი მაინც შემცირდეს. ცდილობენ, რომ საზოგადოების დაინტერესება ამ პროტესტის მიმართ შეამცირონ და ჩაფარცხონ. არ ვაპირებთ არცერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხის დათმობას. ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვიქნებით უფრო მეტად რადიკალურები, თუ ისინი ამას გვაიძულებენ“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

სოლიდარობა ტყიბულს - აქცია თბილისში 6 აპრილს გაიმართა. აქციაში უმეტესად სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ ტყიბულის მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ქვანახშირის წარმოების სისტემაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას - არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, რის შემდეგაც 5 პირი დააკავეს.

5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]