weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დაიწყო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

11:37 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები განახორციელებენ.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]