აპრილი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

რუსი სპეციალისტები – ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება მნიშვნელოვანია

12:07 - 17 აპრილი 2018 hits 97

საქართველოში რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ვიზიტი გრძელდება. ვითარების გაცნობის მიზნით მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარული სისტემები დაათვალიერეს, დასავლეთ საქართველოში კი მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ.

რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტის, ნატალია სოლოვიოვას თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და გატარებული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მოგვეწონა შტაბის მუშაობა და ორგანიზებულობა, კომპიუტერული პროგრამა, სადაც თავს იყრის ინფორმაცია მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით. სწორად და მეცნიერული გათვლებით არის განლაგებული დამჭერი მოწყობილობები იმისთვის, რომ მავნებლის იდენტიფიცირება დროულად მოხდეს და შემდეგ ქიმიურად დამუშავდეს. იმედი გვაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენც გამოვიყენებთ თქვენს გამოცდილებას“, – აღნიშნა ნატალია სოლოვიოვამ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა.

„გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, – განმარტავენ სააგენტოში.

აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]