weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისსა და სიღნაღში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

18:13 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. თბილისში დაკავებულ იქნენ 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი და 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში - 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი დააკავეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავება ევროპოლთან შეთანხმებით, 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად მოხდა.

„ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ევროპოლთან აქტიურ თანამშრომლობას და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ინტენსიურ ღონისძიებებს.

ქურდულ სამყაროსთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება და დანაშაულად ცხადდება მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა, კერძოდ: ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]