weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტყიბულის შახტაში შრომის უსაფრთხოებას საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

23:25 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, სადაც 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი განხორციელდება და ამ პროცესში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ჩაერთვებიან. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამმინისტროში სამხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს.

კომისიის სხდომას მთავრობის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის და  „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ („ჯი აი ჯი“) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრეს მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფს.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ შესაბამის ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც შევაფასებთ არა მხოლოდ ამ მონაკვეთზე მომხდარ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას, აქ გამოძიება მიმდინარეობს და იმედია დროულად დასრულდება, არამედ მთლიანად ამ საწარმოში შრომის უსაფრთხოების სისტემას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„საერთაშორისო სპეციალისტები შეაფასებენ რამდენად არის შესაძლებელი შახტაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად ან სრულად იქნას გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ღონისძიებათა ნუსხა, ხოლო კომპანია განსაზღვრავს რამდენად აქვს სურვილი განაგრძოს ამ ფორმატში ოპერირება“, - აღნიშნა „ჯი აი ჯის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ინვესტიციების მიუხედავად შახტაში მუშაობა ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო იქნება და შახტები დაიკეტება, ეკონომიკის სხვა სექტორები უნდა განვითარდეს.

„ჩვენი მხიდან იყო შეთავაზებული ეკონომიკის დივერსიფიკაცია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტექსტილთან და გადამამუშავებელ მრეწველობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

სამმხრივი კომისიის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც მინდელის სახელობის შახტში მომუშავეთა ჯანმრთელობის დაზღვევის, საპენსიო და საშემოსავლო საკითხებზე იმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვლენ საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები და რა დროს დასჭირდება მინდელის სახელობის შახტაში არსებული მდგომარეობის შესწავლას. მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, შახტებში მუშაობა მანამდე გაჩერდეს, სანამ შრომის უსაფრთხოების ნირმები არ იქნება დაკმაყოფილებული.

მინდელის სახელობის შახტაში ნახშირის მოპოვებას შპს „საქნახშირი“ ახორციელებს. რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.

5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნით, შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]