weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

10:16 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან კლუბ „ელ ცენტროში“ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

„ელ ცენტროში“ ჩოხელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა. მიხეილ ჩოხელის თქმით, ის ინციდენტის მონაწილეა და იმისათვის, რომ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურს ჩრდილი არ მიადგეს – თანამდებობას ტოვებს.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ „ელ ცენტროში“ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ საქმეზე გამოკითხული ვარ მოწმის სახით. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეები ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგაჟირებული პირების მხრიდან სუბიექტური და დაუსაბუთებელი განცხადებების, მათ შორის პირადად ჩემ წინააღმდეგ. არაერთი წელია რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა“, – აღნიშნულია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.

ჩოხელის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მიაწოდა სამართალდამცავ უწყებებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მალე დასრულდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ „ელ ცენტროში” ცემეს. 

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.

22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.  ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი.

„საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ-ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა“, - ნათქვამია შსს-ის შუალედურ ანგარიშში.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]