აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

სუს-მა აფეთქების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

17:27 - 12 ივნისი 2018 hits 15553

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ.

„მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ქართველი ერის დიდი სიყვარული გააჩნია. ამას ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვიტყვი. მე და ჩემ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს,

ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

სუს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარი იყო „თვითგანადგურებაზე და არა ტერორისტულ აქტზე“.  

„ძნელი ასახსნელი არ არის მათთვის, ვინც ჩემნაირი გამწარებული ადამიანის მდგომარეობაში შედის. სხვები ვინც იძახიან, რომ მე ეს მიზანმიმართულად ვთქვი, მათ უნდა დაინახონ რა მოხდა 26 დეკემბერს, როდესაც ადამიანები, მოსახლეობა ელოდება ახალ წელს და იმ ახალი წლის სანაცვლოდ, ძალოვნებმა და ამ სახელმწიფომ მე საჩუქარი გამიკეთეს. ეს ადამიანები პირველად იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მაგას კი არა, ათასჯერ მეტს იტყოდა. ეს რომ ქართველს ეთქვა, ისე გაატარებდნენ, რომ შეფასებასაც არავინ მისცემდა. იმიტომ აიტაცეს, რადგან ეს მე ვთქვი. იმდენად ვიყავი გამწარებული, თავს ავიფეთქებდი კი არა, არვიცი რას მოვიმოქმედებდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთული იყო, ეს ვის წინაშე უნდა გამეკეთებინა, ისევ ქართველი ხალხის წინაშე. არა, მე მაგას არ გავაკეთებდი. მაგრამ მე ასი კაცის წინაშე ფიცი დავდე, რომ მე თავს ავიფეთქებდი სუსის წინ, შენობის წინ. მე არ მითქვამს რომ სადმე სხვაგან. აქ საუბარი თვითგანადგურებაზე იყო და არა ტერორისტულ აქტზე“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.

აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას უსაფრთხოების სამსახურმა მისი დევნა და თვალთვალი დაიწყო.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში, სასიკვდილოდ დაჭრეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს, საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]