weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შსს-მ 6 თვეში 13 კგ ჰეროინი ამოიღო, ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით 72 პირია დაკავებული

14:26 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში ნარკორეალიზაციისთვის ბრალი 72 პირს წარედგინა. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) 8 პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. სამართალდამცველებმა, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სადაც დაკავებული ცხოვრობდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 კილოგრამი „ოპიუმი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ორი მოქალაქეა დაკავებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა ე. ჩ.-სა და მ.ა.-სგან 193 შეკვრად დაფასოებული 900 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს.

ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთში გადასვლას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშულებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ქალი სარფში დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 339 აბი „სუბოქსინი და 20 აბი „მეტადონი“ ამოიღეს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების გავრცელებასთან შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]