weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

გიორგი შენგელაია იღებს დახმარებას, თვეში 3000 ლარის ოდენობით და ითხოვს გაზრდას - ფონდი „ქართუ“

19:52 პარასკევი, 22 ივნისი 2018

„რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. მას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გიორგი შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება.  

ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო.  

თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე  უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან.

მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი. ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით.

ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბატონ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გიორგი შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ.

გიორგი შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში გიორგი შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გიორგი შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გიორგი შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად.  

ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]