weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საია ნაციონალური მოძრაობის მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესწავლას ითხოვს

14:18 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერტიფიკატის“ გადაცემაში, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა - პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.

27 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერტიფიკატი“ გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლის სახელწოდებაა „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ.“

29 მაისს ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს. პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს.

„ფიქრობთ, რომ პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერთიფიკატების“ გადაცემით, ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა. სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

კითხვებს აღძრავს თავად ამ სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და მასში ფინანსური რესურსების აკუმულირების საკითხი: როგორ, რა წესით, რა სამართლებრივ რეგულაციებზე დაყრდნობით მოხდება ფონდის შექმნა, ასევე, როგორ მოხდება პარტიის მიერ ამ ფონდში თანხების მობილიზება და რამდენად კანონშესაბამისად წარიმართება ჩინოვნიკებისგან „ხალხისგან ნაძარცვის“ დაბრუნების პროცესი?

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.

გარდა ამისა, „საგარანტიო სერტიფიკატის“ გაცემის დროს პარტია აგროვებს პირის სახელს, გვარს და მის პირად ნომერს, რაც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. საინტერესოა, ამ პროცესში ხდება თუ არა პარტიის მიერ ამომრჩევლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის საკითხი გამოიკვეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც, როდესაც პარტიის კანდიდატი ბათუმში ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს უფორმებდა ამომრჩევლებს და ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ბინების აშენებასა და მათ უსასყიდლოდ გადაცემას ჰპირდებოდა. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტის შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]