weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

11:26 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ნორმა, რომელიც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ (თავმჯდომარე - მერაბ ტურავა, წევრები - ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი) 2018 წლის 3 ივლისს მიიღო. აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად ჩაითვლება 2018 წლის 31 დეკემბრიდან. 

საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელით 2016 წლის 21 ივლისს მიმართეს მოსარჩელეებმა: სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“. 

დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 6.3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.  

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ უფლების გარეშე ტოვებს. ამგვარი რეგულირება კი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.  

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციური ნორმები არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული შეღავათის მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმავე შესაძლებლობით სარგებლობის ხელშეშლას. 

სადავო ნორმის საფუძველზე შეუძლებელია ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა. კერძოდ, არ დასტურდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პრივილეგია არის ეკლესიის ისტორიული ღვაწლის აღიარებიდან მომდინარე, ისტორიულ გარემოებასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი. 

ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კანონმდებლის მიერ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც აღნიშნული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე თანასწორად გავრცელებით. 

 

მსგავს თემაზე:

საპატრიარქოსთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]