weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვერტმფრენი, რომელიც თელავში ავარიულად დაეშვა, ტექნიკურად გამართული იყო - თემურ კეკელიძე

15:46 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის განცხადებით, ვერტმფრენი, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა, ტექნიკურად გამართული იყო. კეკელიძე შესაძლო დივერსიის ვერსიას გამორიცხავს.

„ამ წუთში ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ განაპირობა ავარიული დაშვება. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ვერტმფრენი ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იყო. ისევ და ისევ, უნდა დაველოდოთ იმ საშუალებების გაშიფვრას, რაც ვერტმფრენშია“, – განაცხადა თემურ კეკელიძემ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP – 10020, ავარიული დაშვება დღეს დილით განახორციელა, რა დროსაც ვერტმფრენში მყოფი ხუთივე ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი მფრინავი კი ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ერთ-ერთ პაციენტს აღენიშნებოდა გულმკერდის, ასევე მკერდის ტრავმა. დაზიანებული იყო ღვიძლიც, რის გამოც მოხდა ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გადაყვანილია პოსტ-ოპერაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. იგი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა. 

რაც შეეხება სამი მფრინავის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცნობილია, რომ მათგან ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]