weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულებს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

17:40 პარასკევი, 27 ივლისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

სასამართლოს განცხადებით, არსებითად განხილვის დახურულ სხდომებზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნეს დამნაშავედ, თუმცა საქმეში არსებული და პროცესებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ადვოკატების თქმით, განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„მიგვაჩნია, რომ ეს განაჩენი უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან ის ბრალი რაც წარდგენილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არანაირად არ დასტურდებოდა. სხვა რამ, რაც გამოიკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირებულიყო და სხვა მუხლით უნდა გასამართლებულიყო შემდგომში“, - განაცხადა შოაიფ ბორზიევის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.

დღევანდელ პროცესზე შოაიფ ბორზიევმა დუმილი დაარღვია. მან უარყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება აღიარა.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების, არამედ ყველა ბრალდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო. სპეცსამსახურების დანაშაულებრივი ქმედების გამო დაისაჯნენ ის პირები, ვინც დარბაზში ვიხილეთ“, - აღნიშნა ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა.

შოაიფ ბორზიევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებამდე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ოთხი პირის - ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის დაკავება კი 26 დეკემბერს პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. სუს-ის განცხადებით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. 9 იანვარს ახმეტაში დააკავეს ზურაბ იდოიძე. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძემ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. 22 იანვარს სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]