weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ბასსიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა

15:11 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

ღამის კლუბმა „ბასსიანმა“ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 15 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. კლუბის ადმინისტრაციის განცხადებით, მოსკოვში გამოსვლაზე მათ გადაწყვეტილებას ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც ღონისძიება გააუქმეს.

„ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა“, - ნათქვამია „ბასსიანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, 15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში, მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში GASGOLDER-ში დაიგეგმა ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS და ორგანიზატორების სურვილი იყო, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

„შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ. „თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ“, - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი“, - ნათქვამია „ბასსიანის“ განცხადებაში.

„ბასსიანის“ ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა. BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი“, - ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]