weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

გოგაშვილი ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

21:21 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

„იოსებ გოგაშვილის გადადგომა საკმარისი არ არის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რაც სპეცოპერაციის ღამეს ჩაიდინა“, - განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, იოსებ გოგაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.

„იოსებ გოგაშვილიც და ვახტანგ გომელაურიც უნდა დაისაჯონ იმ სასტიკი დანაშაულისთვის. ჩემთვის მათი გადადგომა და გადაყენება არაფერს ნიშნავს“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც დღეს სუს-ში ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე კიდევ ერთხელ დაკითხეს: „არეულ კითხვებს მისვამენ, რომლებსაც წყობიდან გამოვყავარ.

დღეს მუსლიმებისთვის ყველაზე დიდი დღეა. იმის მაგივრად, რომ ამათ მიერ დახვრეტილი ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, დილიდან საღამომდე, ამ მკვლელებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ყოფნა მომიწია“.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისში მცხოვრებ კიდევ ხუთ პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი თვის წინ დამნაშავედ ცნო და 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე მერვე თვეა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]