weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოსამართლემ მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა

15:10 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018
ფოტო: ipn ფოტო: ipn

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩება. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დახურულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და კობაურის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო უფრო მეტად გაამახვილებს ყურადღებას ფაქტობრივ გარემოებებზე. ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ ბავშვი, შემდეგ ქალს სდიოს დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. მთელი რიგი უზუსტობებია სპერმასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოზეც გაჟღერდა. ჩვენ ჩავატარებთ ექსპერტიზას და ძალიან მალე კითხვებს პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კობაიძემ.

მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის, არჩილ ბედუკაძის განცხადებით, არ არსებობს არანაირი ახალი გარემოება, რომელიც ბრალდებულისთვის პატიმრობის შეცვლის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

„ის საფრთხეები, რაც სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, როდესაც ბრალდებულს პირველად შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება, ძალაშია. ეს არის მიმალვის საფრთხე, სხვა დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. არსებობს ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საქმის არსებით განხილვაზე იქნება გამოკვლეული“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის დანიშნული.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობაურს ლორა სმიტთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ქალთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სასამართლომ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 ივლისს შეუფარდა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]