weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველ კოლეგებს მადლობას უხდის

16:36 პარასკევი, 09 ივნისი 2017
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველ კოლეგებს მადლობას უხდის ფოტო © Reuters

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველ კოლეგებს, საქართველოს პრეზიდენტსა და უფლებადამცველებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული ახალი ამბების სააგენტო „თურანი“ ავრცელებს.

„გამოვხატავ მადლიერებას ქართველი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც მიცავენ, ასევე უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტების, საქართველოს პრეზიდენტის და ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება დემოკრატიის პრინციპებს ბოლომდე დაიცავს და ქვეყანაში ივანიშვილის დიქტატურის შექმნას არ დაუშვებს“, - განაცხადა ბაქოში, პატიმრობაში მყოფმა აფგან მუხთარლიმ.

მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი ნეიმათ ქერიმლი, რომელმაც ის საგამოძიებო იზოლატორში მოინახულა, ამბობს, რომ მუხთარლიმ ქართველ ადვოკატს მინდობილობა მისცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის წარსადგენად.

ნეიმათ ქერიმლი აღნიშნავს, რომ მუხთარლი პატიმრობის პირობებს არ უჩივის. „მას ოჯახის წევრებთან ტელეფონით ლაპარაკი აუკრძალეს, თუმცა საგამოძიებო იზოლატორი დაგვპირდა, რომ ამ საკითხს გადაჭრის“, - ამბობს ადვოკატი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან, პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია.

აფგან მუხთარლი ამბობს, რომ ის საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოაქვეყნოს თბილისსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მუხთარლის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

მუხთარლის საქმეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს. ჟურნალისტის ადვოკატები ითხოვენ, რომ გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს.

მუხთარლის მხარდასაჭერად ქართველმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს.

ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტში, ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აფგან მუხთარლის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თავზე ტომრები ჩამოიცვეს და ჟურნალისტის საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს. გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში თავზე ტომარაჩამოცმულმა წაიყვანა გადაცემა „არჩევანი“, რამაც გადაცემის სტუმრის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მინისტრის მოადგილემ ეთერი დატოვა.

ჟურნალისტები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა, ბაქოში საფრთხე ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]