weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

19 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებისთვის ოჯახმა შსს-ს ორი კვირა მისცა

12:27 შაბათი, 15 სექტემბერი 2018
ფოტო: Qartli.ge ფოტო: Qartli.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანთან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის ორი კვირა მისცა. მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი შვილი ავტოავარიის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც ავარიის ინსცენირება მოხდა. მერებაშვილები პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებენ.

თორნიკე მერებაშვილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება.

„ულტიმატუმს ვუყენებთ მთავრობას - ორ კვირაში საქმე გამოიძიონ და დამნაშავე დააკავონ. ორი კვირის შემდეგ ამაზე დიდ აქციას გავაკეთებთ, უფრო მეტი ხალხი მოვალთ და უარესს მიიღებენ. ჩემი შვილი მოკლეს და მალავენ. ზემოდან არის დარეკილი. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, შვილი დავკარგე. არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. ვაფრთხილებდი ორი თვე და რეაგირება არ იყო“, - განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

საქმის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლებმა და თანასოფლელებმა გუშინ რამდენიმე საათით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაინაცვლეს და აქცია გამართეს. მერაბ მერებაშვილი შს მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. საპროტესტო აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ.

აქციასთან დაკავშირებით გორის მერიის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ მობილიზებულნი. აქციის მონაწილეებთან შესახევედრად საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თბილისიდან აქციას შეუერთდნენ, პოლიტიკურად არიან მართულები. ამ განცხადებას ზაზა სარალიძესა და დავით რაზმაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა - მათ ერთმანეთს აგინეს.

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 6 ივლისს, თორნიკე მერებაშვილი სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე იმყოფებოდა, რა დროსაც „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა.

„თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა.

„არ მაქვს ინფორმაცია ჩემი შვილი ვინ მოკლა, ვინ სცემა, ვინ დაარტყა თავში. ჩემს შვილს არ ეტყობოდა, რომ მანქანამ გადაუარა. სანამ დავმარხავდი, სამჯერ გავხადე და სამჯერ გადავუღე ფოტოები. მოვიყვანე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მითხრა, რომ თორნიკეს არავითარ შემთხვევაში მანქანა გადავლილი არ აქვს“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.

მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]