weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას ექსპორტს ეხება - თამარ ჩუგოშვილი

11:06 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებულსაკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილმა, რომელიც ფარმაცევტული მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება, ნეგატიური პოზიცია გამოიწვია და ლოგიკურია, რომ პარლამენტმა ამ საკითხის განხილვა გადადო.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებისთვის დამატებით დროს გამოიყენებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელებენ კანონმდებლობაზე მუშაობას.

„კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ჩანს, პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს. ბევრად უფრო მეტი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, კანონპროექტის განხილვის გადადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, იყო თუ არა გადამწყვეტი საპატრიარქოს აზრი, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ გადამწყევტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია.

„ფარმაცევტული და ექსპორტის მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს, პირადად მე ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს ძალიან დიდი გავლენა აქვს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ახალი სასესიო კვირიდან პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება. კობახიძის განმარტებით, მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ქადაგებისას პატრიარქმა ნარკომანიის გავრცელების საფრთხეზეც მიუთითა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]