weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სოფელ ჭალეს მცხოვრებლები მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

17:07 კვირა, 11 ივნისი 2017

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რომელიც დაადასტურებს, რომ ანძების მშენებლობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

 „სწორ და ზუსტ ექსპერტიზას ვითხოვთ, მეტს არაფერს. მოგვიტანონ ექსპერტიზა, რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობას არაფერს არ უშლის და ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის. თუ ეს ექსპერტიზა არ იქნება, აქციებს გავაგრძელებთ. მივალთ ენერგეტიკის სამინისტროსთანაც“, - ამბობს ჭალეს მცხოვრები მანანა აქუბარდია რადიო „ათინათთან“ საუბარში.

აქციის მონაწილეები იმ სახლის ეზოში შეიკრიბნენ, რომელიც ვალტერ აქუბარდიამ საჩუქრად საპატრიარქოს გადასცა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ კი ენერგოკომპანიას მიყიდა. ამ სახლის ეზოში ელექტროგადამცები ხაზის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ჭალეს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ჯემალ ჭკადუა იცავს. ჭკადუას თქმით, უკვე მომზადებულია სარჩელი, რომელსაც სასამართლოში უახლოეს დღეებში წარადგენენ.

„სარჩელით მოთხოვნილია, რომ ყადაღა დაედოს მიწას, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, მანამ, სანამ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი და არ დადგინდება საფრთხეს უქმნის თუ არა აღნიშნული მშენებლობა მოსახლეობას. მშენებლობიდან მოსახლეობა სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობს და რეალური მიზეზი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

აქციაზე მთიულეთიდან. ხანდოს ხეობის მცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ. ბადრი დავითურმა, რომელიც ხანდოში ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორია, ჭალეს მოსახლებას მოუწოდა ხელი მოაწერონ ამერიკელი ექსპერტების საქართველოში ჩამოყვანის მოთხოვნას.

„ხანდოს ხეობაშიც იგივე პრობლემაა, რაც სოფელ ჭალეში. აქაც მოსახლეობის თავზე გადაჰყავთ მაღალი ძაბვის ხაზები. მოსახლეობამ ჩვენ მოგვმართა და თანადგომის მიზნით ჩამოვედით. ამერიკიდან ჩამოგვყავს მეცნიერები, მკვლევარები, ჯო კლაინის ჯგუფი. ჭალეს მოსახლეობას ვთხოვთ მოაწერონ ხელი მათი ჩამოყვანის მოთხოვნას და სახელმწიფოს მოვთხოვოთ, რომ დააფინანსონ ეს კვლევა, რათა გავიგოთ ამ 500-კილოვოლტიანი ხაზის ავკარგიანობის შესახებ. დაიდოს ერთხელ და სამუდამოდ დასკვნები და დასრულდეს ეს დავები“, - განაცხადა ბადრი დავითურმა.

ჭალეს მცხოვრებლებმა 500-კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობა რამდენჯერმე გააპროტესტეს. 3 ივნისს აქციის მონაწილეებს კომპანია „ენერგოტრანისის“ წარმომადგენელი თემურ ჭანტურია შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას მხოლოდ ერთი ანძაღა დარჩა დასადგმელი, რის საშუალებასაც ადგილობრივები არ აძლევენ. მისივე თქმით, ადგილობრივები იცნობენ გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროების დასკვნებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის კახა შეროზიას განცხადებით, მოსახლეობის პროტესტი რამდენიმე ოჯახს უკავშირდება, რომლებიც შეთავაზებული კომპენსაციის თანხას არ თანხმდებიან. მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც ანძა უნდა დაიდგას სახელმწიფოს საკუთრებაა.

სოფელ ჭალეში გამავალმა ელექტროგადამცემმა ხაზმა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ჯვრის და ხორგას ქვესადგურები.

ჯვარი-ხორგას პროექტს ხელი 2013 წელს მოეწერა, განხორციელება კი 2015 წელს დაიწყო. 50- მილიონ ევროიანი პროექტი ჯვარში ახალი 500/220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 8 კმ სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც მიუერთდება არსებულ, 500 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს „კავკასიონი“, და ხორგას 220 კვ.იან და ჯვრის 500 კვ.იან ქვესადგურებს შორის 60 კმ სიგრძის ორჯაჭვა 220 კვ-იანი ე.გ.ხ.-ის გაყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]