weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ალექსანდრე ჯეჯელავა - ილჰამ ალიევთან აფგან მუხთარლის საქმეზე არ გვისაუბრია

11:35 სამშაბათი, 27 ივნისი 2017
ალექსანდრე ჯეჯელავა და ილჰამ ალიევი ალექსანდრე ჯეჯელავა და ილჰამ ალიევი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას აფგან მუხთარლის საქმეზე არ უსაუბრიათ. ჟურნალისტის კითხვაზე - დაინტერესდა თუ არა ვიცე-პრემიერი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მდგომარეობით, ჯეჯლევა პასუხობს, რომ არ დაინტერესებულა, რადგან ეს შეხვედრის ფორმატით არ იყო გათვალისწინებული.

აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ და ილჰამ ალიევმა მუხთარლის საქმეზე იმსჯელეს.

„გამოჩნდა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს საერთო ღირებულებები და შეხედულებები აქვთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მათ აფგანის საქმეზე იმსჯელეს. უბრალოდ ჩვენ არ გვიმხელენ მოლაპარაკების დეტალებს“, - ამბობს ლეილა მუსტაფაევა „რუსთავი 2“-თან.

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა, თბილიში, 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი აღმოჩნდა, რომ ის ბაქოში იყო დაკავებული.

ალექსანდრე ჯეჯელავა ერთ-ერთი პირველი იყო მთავრობიდან, რომელიც მუხთარლის გაუჩინარებას გამოეხმაურა. 31 მაისს მან უარყო ვერსია, რომ აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს. მან ასევე განაცხადა, რომ მუხთარლი „რადიო თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი იყო. „ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის“, - აღნიშნა ჯეჯელავამ. მეორე დღეს მან განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა და მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

საქართველოში მუხთარლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს. მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ საქმე პროკურტურამ გამოიძიოს.ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი აქვს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხელყოფილია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. გარდა ამისა, ლეილა მუსტაფაევა, ამბობს, აფგან მუხთარლის, რომელიც დიაბეტით არის დაავადებული, ხელი არ მიუწვდება კვალიფიციურ სამედიცონო დახმარებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]