weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

12:42 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, სადაც პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას საქართველოს მსგავსად ოკუპაციის პრობლემა აქვს და ორივე ქვეყანა ვალდებულია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დაიცვას.

„აუცილებელია შევინარჩუნოთ და დავიცვათ უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია. საფრთხეები ჩვენი დემოკრატიის და დამოუკიდებლობის არის ერთი და იგივე. არავის მივცემთ საშუალებას, რომ გვიკარნახოს ჩვენი მომავალი. უკრაინელებს შეუძლიათ ჰქონდეთ ქართველი მოძმე ხალხის იმედი, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. ასე იყო 2008 წელს, ასე იყო 2014 წელს და ახლაც ასეა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ ქართველ ჯარისკაცებზე ისაუბრა, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის დროს 2014 წლიდან დღემდე დაიღუპნენ.

„უკრაინელი ხალხი ქედს იხრის იმ ქართველი, მოძმე ბიჭების წინაშე, რომლებიც 2014 წელს ჩამოვიდნენ უკრაინაში და ჩაეწერნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ და მართლებიც იყვნენ, რომ იცავდნენ საქართველოს,“- განაცხადა პოროშენკომ. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და მის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

„ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008 წელს. ეს არის რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედია, ერებს აშორებს და არ აახლოებს. თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც ამ წნეხს გაუძლო, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტებმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ხვალ პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]