weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა

09:51 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გააცილეს.

პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს და ზურაბ პატარაძეს თბილისში, მესტიასა და აჭარაში გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოს პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში მე-6 ადგილზეა.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმიც გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში რეგიონში არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა.

„დღეს აჭარაში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე მნიშვნელოვნად განაპირობებს რეგიონში უცხოური ინვესტიციების ზრდას, რასაც ადასტურებს მსფოლიო ბანკის კვლევებიც. კერძოდ, 2017 წლის doing-business ინდექსით საქართველომ 23-ე ადგილიდან მე-16-ე გადმოინაცვლა.

განსაკუთრებით მზარდი დინამიკა გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე კვირაში 111-ფრენა ხორციელდება 39 მიმართულებით, მათ შორის 12 ავიაფრენა უკრაინიდან. მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში უკვე ფიქსირდება უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა.

დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას კიდევ ერთხელ გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობას“- აღნიშნა ზურა პატარაძემ.

ფორუმის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ოდესის ოლქს (უკრაინას) შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მოაწერეს. თანამშრომლობის განვითარების გეგმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიასაც ეწვია. პეტრო პოროშენკომ მარგიანების სახლ-მუზეუმი და სვანური, ტრადიციული კოშკი დაათვალიერა.

მანამდე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. პოროშენკომ და მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი მოინახულეს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.

საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტები გამყოფი ხაზის- მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ. „ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას, ოკუპანტები ვერც ხალხს და ვერც ხელისუფლებას ვერ გატეხენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის სახელით მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის.

შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]