weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრეზიდენტმა 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას ვეტო დაადო

22:10 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. ერთ-ერთი ვეტო 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისთვის და ახალციხესთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას ეხება.

„ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც საწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც. ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მიუღებელია.

7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

არადა თვითმმართველობა ის რეალური, ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და არ არსებობს ამაზე ეფექტური მექანიზმი, თ უ როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

„კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.

ეს აკნინებს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს“, -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, მიუღებელია ასევე ამ კანონების მიღების დაჩქარებული ფორმაც. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებდა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საარჩევნო წელს არ მომხდარიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში კი, ორივე კანონი საარჩევნო გარემოს ეხება და არჩევნებამდე და 3 თვით ადრეა მიღებული.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს მოტივირებულ შენიშვნებს, მითუფრო, რომ მოტივირებული შენიშვნები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციას ეფუძნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს განსხვავებულ აზრს და ეს განსხვავებული აზრი აქციოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ვეტოურთიერთობა“ არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა, პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განიხილავენ.

„ჩვენ ვიმუშავეთ და მივიღეთ ეს კანონები. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმუშავა და ვეტო დაადო ამ კანონებს. პრეზიდენტმა იცის, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტს შეუძლია, თუმცა, ალბათ ელის, რომ მის მოსაზრებებს გავეცნობით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომლის მთავარი საკითხი პრეზიდენტის ვეტო იქნება, სავარაუდოდ მომავალ კვირას, 26 ივლისს გაიმართება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]