weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია მევახშეობას და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა

12:20 პარასკევი, 10 თებერვალი 2017

საქართველოს პარლამენტის წევრი და კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად კერძო მევახშეობასაც ახორციელებს. 2016 წლის თებერვალში მან სესხის სახით გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22 724 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის 1 იანვარს ორი წლის ვადით გაასესხა 270 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, იგი არის ორი კომერციული საწარმოს დირექტორიც, რაც კანონით აკრძალულია და შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.

ბექა ოდიშარია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, ქალაქ თბილისში კრწანისის №7 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. პარლამენტში იგი ორი კომიტეტის წევრია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“. 2010 წლიდან პარლამენტში არჩევამდე იგი იყო შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ბექა ოდიშარიამ 2017 წლის 18 იანვარს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ბექა ოდიშარიას შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს მევახშეობა წარმოადგენს - იგი უცხოურ ვალუტაში ახორციელებს თანხების გასესხებას და ამის შედეგად იღებს სარგებელს (პროცენტს).

კერძოდ, 2016 წლის 26 თებერვალს, მან, როგორც კრედიტორმა, სესხად გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც სარგებლის (პროცენტის) სახით წლის განმავლობაში მიიღო 24 724 აშშ დოლარის სარგებელი. 2017 წლის 1 იანვარს კი ბექა ოდიშარიამ 2 წლის ვადით - 2019 წლის 1 იანვრამდე, - გაასესხა 270 000 აშშ დოლარი.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბექა ოდიშარია ბიზნესის სფეროშიც საქმიანობს და 3 კომპანიაში ფლობს აქციებსა და წილებს - სააქციო საზოგადოება „ბათუმი ბულვარ საიდი“ (59 აქცია, 1 აქციის ნომინალური ღირებულება - 12 900 აშშ დოლარი), შპს „ანაბაზისი“ (100 %) და შპს „ძველი დედაქალაქი“ (10 %), თუმცა სადეკლარაციო პერიოდში ამ საწარმოებიდან მას რაიმე შემოსავალი არ მიუღია.

ამასთან, დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომ ბექა ოდიშარიას დღემდე უკავია შპს „ანაბაზისის“ და შპს „ძველი დედაქალაქის“ დირექტორის პოზიციაც, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის უხეში დარღვევაა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი (53-ე მუხლის პირველი პუნქტი). პარლამენტარის მანდატთან შეუთავსებელი საქმიანობა კი წარმოადგენს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს (54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი).

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომელიც პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება, ცალსახად არის დადგენილი ამკრძალავი ნორმა, რომლითაც თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში (მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი).

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია 5 საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისში და დაბა ბაკურიანში), 3 კომერციული ფართი (ქ. თბილისში, ი. აბაშიძის №34-ში), 6 მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისში, დაბა ბაკურიანში, საგურამოში, წიწამურში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბა ლილოში). დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ 3 უძრავი ნივთის ღირებულება, რომელთა შორის აღსანიშნავია თბილისში, ბერძნის ქუჩაზე მდებარე 3284 მ2 მიწის ნაკვეთი, რაშიც ბექა ოდიშარიას 3 284 000 აშშ დოლარი გადაუხდია.

პარლამენტარის საკუთრებაში ირიცხება 3 უცხოური წარმოების ავტომანქანა - TOYOTA

LANDCRUIZER LC 200, LEXUS LX570 და RANGE ROVER EVOQUE, რომელთა საერთო ღირებულება 110 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ბექა ოდიშარია ფერწერული ტილოების კოლექციონერია. მის პირად საკუთრებაშია 51 ერთეული ფერწერული ტილო, რომელთაგან 2 მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო დანარჩენი 49 კი 1998 წლის შემდეგ შეიძინა და საერთო ჯამში 77 500 ლარი გადაიხადა.

კრწანისის მაჟორიტარს „საქართველოს ბანკსა“ და „ვი თი ბი ბანკში“ პირად ანგარიშებზე ერიცხება შენატანები 70 250 აშშ დოლარის და თითქმის 208 000 ლარის ოდენობით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ 2016 წლის აგვისტოში ბექა ოდიშარიამ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 40 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა გადარიცხა, თუმცა ეს ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ არის.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო პროაქტიულად შეამოწმებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისწორესა და სისრულეს, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]