weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ერედვში რუსეთის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლებს ანგრევენ - პრეზიდენტი

12:30 შაბათი, 23 სექტემბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლებს ანგრევენ. პრეზიდენტის შეფასებით, ეს ვანდალური ქმედებები მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ძირძველი ტერიტორიიდან.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეთნიკური წმენდის ადგილას საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.

ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება, რომელიც მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

გამოცემა apsny.ge ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ „სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, 2017 წელს ოკუპირებული ერედვის ტერიტორიას ნანგრევებისგან გაწმენდენ. საერთო ჯამში დაგეგმილია 268 სახლის აღება, საიდანაც 163 უკვე მიწასთან არის გასწორებული. გათავისუფლებულ ტერიტორიას ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცემენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორ კვირაში ერედვის ტერიტორიის ნახევარი „სამშენებლო ნაგვისგან“ უკვე გაათავისუფლეს.

სოფელი ერედვი პატარა ლიახვის ხეობაში, ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი რუსულმა ავიაციამ დაბომბა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაინგრა ან დაზიანდა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტდან 2017 წელს 70 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]