weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ნეპოტიზმი თიანეთის გამგეობაში - გამგებელმა მეუღლე მთავარ სპეციალისტად დანიშნა

17:51 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ამავე გამგეობის მთავარ სპეციალისტად თავისი მეუღლე იმედა ხომასურიძე დანიშნა, რომელიც 3 წელზე მეტია მუშაობს. თანამდებობის პირისადმი დაქვემდებარებულ მოხელედ მისი მეუღლის დანიშვნა კანონით აკრძალულია.

ლელა ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. მანამდე იგი საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატში მიწვეული სპეციალისტი იყო. იმ პერიოდში აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია ზაქარია ქუცნაშვილს ეკავა. 

გამგებლად არჩევის შემდეგ, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში მთავარ სპეციალისტად ლელა ქიტესაშვილის მეუღლე იმედა ხომასურიძე დაინიშნა, რომლის ხელფასი თვეში 650 ლარია. ამასთან, გამგებლის მეუღლე პერიოდულად პრემიებსაც იღებს, რის გამოც მისი წლიური ანაზღაურება 9100 ლარს შეადგენდა. 

როგორც „რეგინფოს“ თიანეთის გამგეობაში განუმარტეს, 2017 წლის 1 ივლისიდან, საჯარო სამსახურის სფეროში ახალი კანონმდებლობის ამოქმედების გამო, იმედა ხომასურიძე შრომითი ხელშეკრულებით იქნა გადაყვანილი გამგეობაში სპეციალისტი-მძღოლის პოზიციაზე.  

გამგებლის მეუღლის სამსახურში დანიშვნის პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, დაუშვებელია პირის საჯარო სამსახურში მიღება, თუკი იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მეუღლეს. 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, გამგებელი საერთო ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს გამგეობის სამსახურების საქმიანობას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს (54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები). 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით, თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პოზიციაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება დაინიშნოს მისი ოჯახის წევრ. თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი ვალდებულია, რომ 10 დღის ვადაში გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან ანდა შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. 

„რეგინფო“ წერდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატად ისევ ლელა ქიტესაშვილი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]