weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გორის მაჟორიტარის ბიზნესკომპანიამ გამგეობის აუქციონზე 11 779 კვ.მ მიწა იყიდა

11:58 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

გორის გამგეობის მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე შპს „იბოლია“-მ კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და სოფელ კარალეთში მდებარე 11 779 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი იყიდა. „იბოლია“ პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კუთვნილი კომპანიაა.

გორის გამგეობამ სოფელ კარალეთში, ასფალტის ქარხნის მიმდებარედ არსებული 16 859 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2009 წელს დაირეგისტრირა. 2017 წლის აპრილში გამგეობამ მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად დაყოფის რეგისტრაცია მოახდინა, 21 ივლისს კი ცალკე გამოყოფილი 11 779 კვ.მ ტერიტორიის გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. 

მიწის საწყისი საფასური 106 061 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა კი 1000 ლარი. აუქციონის პირობებში საინვესტიციო ან რაიმე სხვა ვალდებულება გათვალისწინებული არ არის. 

აუქციონი 7 აგვისტოს დასრულდა და გამარჯვებულად გამოცხადდა მისი ერთადერთი მონაწილე - შპს „იბოლია“ (ს/კ - 217873031), რომლის შეთავაზებულმა ფასმა, ბიჯის ჩათვლით, 107 061 ლარი შეადგინა. 

კომპანია „იბოლია“-მ ასევე კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა 2015 წლის აპრილში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში, როდესაც ხაშურში, სოფელ მცხეთიჯვარში მდებარე 2967 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი 12 500 ლარად იყიდა.

შპს „იბოლია“ 1995 წლის 29 დეკემბერს დაფუძნდა. საწარმოს კაპიტალის 40 %-ის მფლობელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გორის №41 მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომელიც 2016 წლის 31 ოქტომბრამდე იმავე კომპანიის დირექტორიც იყო. იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები ფლობენ. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, გორის მაჟორიტარი და მისი კომპანიები „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დანფინანსებლები იყვნენ: 2010 წელს შპს „იბოლია“-მ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000ლარი, 2012 წლის საპრლამენტო არჩევნების წინაპერიოდში კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო. სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]