weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თამაზ მეჭიაური სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

12:30 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მერის არჩევნების შედეგების შეცვლასთან დაკავშირებით, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.

„თიანეთის საარჩევნო ოლქში 20 საარჩევნო უბანია. ყველაზე გვიან დახურეს მე–20 საარჩევნო უბანი, რომელიც ჩემი შტაბის გვერდით მდებარე კულტურის სახლის შენობაში იყო განთავსებული. უბანზე მყოფ ჩემ წარმომადგენლებს როცა ვკითხე, რატომ ჭიანურდებოდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, მითხრეს, რომ მერობის კანდიდატების ბიულეტენები სამჯერ გადათვალეს. უკვე იცოდნენ, რომ თიანეთში არჩევნები მე მქონდა მოგებული და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რამე მოეხერხებინათ და გამარჯვებულად „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი გამოეცხადებინათ. იმავე ღამეს მე დავუკავშირდი ცესკო–ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და ვთხოვე, რომ საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა. 2 საათის შემდეგ როგორც იქნა ოქმი შეადგინეს და ამ უბანზეც გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ.

როდესაც მასალები ოლქში წარადგინეს, იქ გადაწყდა, რომ ბათილად მიჩნეულ ბიულეტენებს გადათვლიდნენ და ლელა ქიტესაშვილს ხმებს დაუმატებდნენ. ეს რომ გავიგეთ, ჩვენი წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა საოლქო კომისიის შენობაში შესვლის და სხდომებზე დასწრების უფლება, იქ მივიდა ღამით, მაგრამ შესასვლელთან დახვდა სპეცრაზმი და არ შეუშვეს. თიანეთში სპეცრაზმის ჩამოყვანას მე ვუკავშირებ ზაქარია ქუცნაშვილს, მაგრამ შსს–ს რომელი ხელმძღვანელი პირი დაეხმარა მას ამაში, ეს გასარკვევია. რად უნდოდათ აქ სპეცრაზმი? ვინმე რამეს არბევდა თუ ამის მცდელობა ჰქონდა? ჩვენ ვიცავდით ჩვენ ხმებს და ბოლომდე დავიცავთ. კიდევ დავუკავშირდი თამარ ჟვანიას. ბოლოს ჩვენი წარმომადგენელი საოლქო კომისიის ოფისში შეუშვეს.

სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებმა, რომლებიც მე–20 საარჩევნო უბანზე იყვნენ, ისიც მითხრეს, რომ ბათილად მიჩნეულ ბიულეტენებს შორის იყო რამდენიმე შემოუხაზავი ბიულეტენი. საოლქოში ე.წ. გადათვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ არცერთი შემოუხაზავი ბიულეტენი აღარ იყო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც გამოცდებიც კი ვერ ჩააბარა, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილის ჩარევით, მაინც ხელმძღვანელობს საოლქო კომისიას, ისე გამოსცა განკარგულება ლელა ქიტესაშვილისთვის 5 ხმის დამატებაზე და გამარჯვებულად გამოცხადებაზე, რომ კომისიის წევრებიც კი ვერ დაითანხმა ზეწოლის მიუხედავად. განკარგულებას ხელს აწერენ ის და მდივანი მაია ქუცნაშვილი, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილის ბიძაშვილია.

სამწუხაროდ, თიანეთში არ ყოფილან წარმოდგენილი ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიც არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვა.  მე მივმართავ მათ და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ თიანეთში მიმდინარე პროცესებთან, საარჩევნო დარღვევებთან და არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

მისივე თქმით, თიანეთის საოლქო – საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად მიჩნეული 5 ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს დაუმატეს, სასამართლოში გაასაჩივრებს.

„იყო სხვა დარღვევებიც. ერთ–ერთ უბანზე, რომელზეც წაგებულად გამოგვაცხადეს, კომისიის წევრთა ხელმოწერებია გაყალბებული. გარდა ამისა, ბევრი ისეთი ბიულეტენია სხვადასხვა უბანზე ბათილად მიჩნეული, სადაც ჩანს ამომრჩევლის ნება, რომ ხმას მე მაძლევს, მაგრამ გააუქმეს იმიტომ, რომ ქიტესაშვილს თუნდაც ერთი ხმით, მაგრამ მაინც მოეგო. ამ ბიულეტენების გადათვლასაც ვითხოვთ“, – აღნიშნავს მეჭიაური.

შეგახსენებთ, თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემები რამდენჯერმე შეიცვალა. სხვადასხვა შესწორებების შედეგად ლელა ქიტესაშვილს ხმები დაუმატეს და ის თამაზ მეჭიაურს 4 ხმით უგებს. ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, მეჭიაურს 3077.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]