weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ოცნებამ“ გაყალბებული საჩივრები დედოფლისწყაროს კომისიიდან უკან გაითხოვა

13:44 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიიდან „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, დილით უკან გაითხოვა ორი საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო მაჟორიტარული არჩევნების ხმების გადათვლა სოფელ ქვემო ქედში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ავთანდილ ხარხელაურმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ხუმარაშვილს არჩევნები 6 ხმით მოუგო.

ცესკო–ს მონაცემებით, ქვემო ქედში ავთანდილ ხარხელაურს – 258 ხმა აქვს (48.04%), გიორგი ხუმარაშვილს კი 252 (46.93%).

დედოფლისწყაროს საოლქო–საარჩევნო კომისიაში გუშინ, საღამოს, „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საჩივრების ავტორები ქვემო ქედის საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მანანა ტოხიშვილი და თამარ ბერიანიძე იყვნენ. საჩივრების მიხედვით, აღნიშნული პირები ხმების დათვლის დროს უბანში იმყოფებოდნენ, ხმებს პარალელურ რეჟიმში ითვლიდნენ და მათ მიერ დათვლილი რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს არ ემთხვევა.

„რეგინფოს“ მიერ არ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თამარ ბერიანიძემ წერილობით გვაცნობა, რომ მას არც საუბნო და არც საოლქო კომისიისთვის საჩივრით არ მიუმართავს. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საოლქო კომისიაში საჩივარი შესულია ჩემი სახელით, თითქოს მე დავაფიქსირე დარღვევები ქვემო ქედის N15 საარჩევნო უბანზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საჩივრით არც საუბნო და არც საოლქო კომისიისთვის მე არ მიმიმართავს“, – აღნიშნავს თამარ ბერიანიძე.

დღეს, დილით, დედოფლისწყაროს საოლქო–საარჩევნო კომისიიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ნასრაშვილმა საჩივრები უკან გაითხოვა. საოლქო კომისიაში დავაზუსტეთ, რომ კომისიაში ტოხიშვილის და ბერიანიძის სახელით საჩივრები გუშინ იგივე პირის, გიორგი ნასრაშვილის მიერ იყო წარდგენილი. ნასრაშვილს საოლქო კომისიაში განუმარტავს, რომ მან საჩივრების წარდგენის და შემდეგ უკან გათხოვის შესახებ დავალება „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბიდან მიიღო.

„რეგინფომ“ პარტია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბიდან საჩივრების გაყალბებასთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვება ვერ მოახერხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]