weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თიანეთის საოლქო კომისიამ მერად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა

12:28 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიამ მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, თამაზ მეჭიაურს 3077 ხმა აქვს, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს - 3076 ხმა. ლელა ქიტესაშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმები არასწორად დაითვალა და რეალურად, 50%-ანი ბარიერი მერობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაზედაც ის სასამართლოს მიმართავს.

„შემაჯამებელ ოქმში დარღვეულია ელემენტარული არითმეტიკული დათვლა. არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გახლდათ 6 379. ამას გამოკლებული 220 ბათილი ბიულეტენი და რჩება 6 159, რომლის 50%-ს ნამდვილად არ წარმოადგენს თამაზ მეჭიაურის მიერ მიღებული 3077 ხმა. ანუ ბარიერი ამ დათვლით არის 3080 ხმა, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მიუღია“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ქიტესაშვილის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაური არჩევნებში გამარჯვებული არ არის.

„მეჭიაური მთელი ეს სამი თვე ტყუილებით, მუქარით და შანტაჟით ცხოვრობს. ეს არის მისი ცხოვრების წესი. ის გამარჯვებული არ არის. მას აკლია სამი ხმა და ჩვენს კანდიდატსაც აკლია ოთხი ხმა, რომ გამარჯვებულად გამოცხადდეს. თიანეთში უნდა იყოს მეორე ტური. ამას ითხოვს კანონი და სამართლიანობა“, - ამბობს ქუცნაშვილი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ არჩევნების შედეგების შეჯამება მხოლოდ ნამდვილი ბიულეტენების მიხედვით ხდება, ბათილი ბიულეტენები კი არ ითვლება.

თამაზ მეჭიაურის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა კომისიის წევრებმა მისი მოთხოვნები აღარ გაითვალისწინეს.

„მთელი ეს სპექტაკლი, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაეუქმებინა ეს შედეგი, ქუცნაშვილის დადგმულია, მაგრამ მას უკვე აღარ გაყვნენ მის მიერვე დანიშნული კომისიის წევრები. იმდენად კრიმინალურ პროცესებში ხვევს ყველას, რომ კომისიის თავმჯდომარემაც, რომელიც საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა თუ ეს საქმე პროკურატურას გადაეცემა, მანაც კი აღარ დაუჭირა მხარი ქუცნაშვილის ავანტიურას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მონაცემებით, ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა ჰქონდა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. მოგვიანებით საოლქო კომისიამ ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან 5 ბიულეტენი „გააცოცხლა“ და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა. ამ ცვლილების შედეგად ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს ოლქის მასშტაბით არჩევნები 4 ხმით მოუგო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასეს. სასამართლომ ბათილად ცნობილი ბიულეტენების „გაცოცხლების“ შესახებ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა და არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური ცნო. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]