weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მარგველაშვილი - ხალხს ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის პოლიტიკურ ტრადიციას

16:20 სამშაბათი, 09 მაისი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას კონსტიტუციური რეფორმის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.

პრეზიდეტის განცხადებით, კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია და მთავარი, რითიც იზომება მისი ხარიხსი არის ის, როგორ თანხმდება საზოგადოება ერთად ცხოვრების მთავარ, ფუნდამენტურ წესზე.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“, ეს არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს პროცესის თანამონაწილე.

„საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს მიერ. ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა გვაქვს არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში. ჩვენ უფრო ნათლად უნდა ვხედავდეთ სირთულეს, ამ სირთულეების ფონზე კონსტიტუციაში მთავარსარდლის ფუნქციები გამქრალია.

კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ ეს სტატუსი შენარჩუნებულია, თუმცა, არცერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს, ფაქტობრივად აღარ არის შენარჩუნებული.

პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის უშიშროების საბჭოს საკითხი. წარმოდგენილი მოდელი გვთავაზობს გავაუქმოთ უშიშროების საბჭო და შევქმნათ თავდაცვის საბჭო, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ომის დროს.

პროექტის მიხედვით, პრემიერ–მინისტრი ეუბნება პრეზიდენტს გამოაცხადოს ომი და პრეზიდენტს არ აქვს არავითარი უფლება, იკითხოს, რატომ აცხადებს ომს. პირდაპირ უნდა  მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს ის პარლამენტს.

ჩემი კითხვაა -  რა საჭიროა ასეთი ხელმოწერა. ან რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები თავის თავს ხედავენ ქვეყნის, სახელმწიფოს ხელმძღვანელის ამრჩევად.

საქართველოს პრეზიდენტი გარკვეულწილად მმართველი ძალის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ თითქოს პირდაპირი წესით პრეზიდეტის არჩევის შემთხვევაში ჩნდება ოდიოზური ფიგურის არჩევის საფრთხე.

„რატომ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ თქვენ არ ხართ კვალიფიციური აირჩიოთ პრეზიდენტი, რომ თუ თქვენ მოგანდეთ არჩევანის უფლება, თქვენ აირჩევთ ოდიოზურ ფიგურებს. ოდიოზური ფიგურები პოლიტიკაში ყოველთვის ჩნდებიან. დღეს 9 მაისია, ერთერთ ასეთ ოდიოზურ ფიგურაზე გამარჯვების დღესასწაული. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ეს პოლიტიკური ფიგურა ხელმძღვანელობაში? ოდიოზური ფიგურა სხვა თემაა.

დემოკრატიის ძირი და საფუძველი ამომრჩეველია. ხალხს რომ ართმევ ამ უფლებას, არგუმენტი ის, რომ თურმე ხალხმა შეიძლება ოდიოზური ფიგურა აირჩიოს, ჩემი პოლიტიკური ფილოსოფიისთვის მიუღებელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო სისტემის იმ ხარვეზებზე და საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციური პროექტითაა განსაზღვრული - ეს 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა და გადაუნაწილებელი ხმების განაწილების ბონუსსისტემაა.

პრეზიდენტის განმარტებით, ეს საკითხები კითხვებს აჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაძლიერდებიან ოპოზიციური პარტიები, ვერ შეძლებენ არსებული ბარიერის გადალახვას, შედეგად კი ვერ მივიღებთ მრავალფეროვან პარლამენტს.

„მე ველი ისეთ საქართველოს, სადაც იქნება 3-4 ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლებიც იკამათებენ, მაგრამ არ მოუნდებათ ერთმანეთის განადგურება და ციხეში ჩასმა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]