weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი აეროპორტში დაკავებული ჰყავდათ

00:40 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

უკრაინის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი და თანმხლები პირი კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.

"ორი საათის წინ, ბორისპოლის აეროპორტში ჩემი 11 წლის შვილი და მისი თანმხლები პირი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ჩემთან მოფრინავს, ოფიციალურად მივლინებაშია. ორივე მათგანს დოკუმენტები წესრიგში აქვთ, მაგრამ განცალკევებულ ოთახში მიზეზის ახსნის გარეშე ამყოფებენ", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქში".

ვითარების გასარკვევად სააკაშვილი აეროპორტში მივიდა. "სად არის ჩემი შვილი? გეკითხები პოროშენკო. პეწია, მოგეწონებოდა, რომ შენს შვილს ასე მოქცეოდნენ?", - მიმართა მან უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტიდან.

"საქართველოს კანონმდებლობით, ჩემს ოჯახს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, სიცოცხლის ბოლომდე დაცვა აქვს დანიშნული. ჩემს შვილს, ჩვეულებისამებრ, თან ახლდა ოფიციალური პირი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი, რომელიც მივლინებაში იყო და ჰქონდა ჩემს შვილზე მინდობილობა. ისინი სამი საათი გააჩერეს განცალკევებულ ოთახში, შემდეგ კი დაცვას უთხრეს, რომ ვერ ასაბუთებდა უკრაინაში ჩამოსვლის აუცილებლობას და მიუხედავად ყველა დოკუმენტის ქონისა, დეპორტაცია გაუკეთეს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი ამბობს, დაკავებულები ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით გაათავისუფლეს.

"თითქოს მოზარდი კი არა, ვიღაც ბანდიტი იყოს. სანამ აეროპორტში ვიყავი, ბევრი სხვა ამბავი მოვისმინე რამდენიმე სხვა მგზავრის მიმართ კანონის დარღვევაზე. ასე, რომ უკანონობა მხოლოდ მე რომ შემხებოდა, ასე საჯაროდ არ გავცემდი პასუხს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანის, ოლეგ სლობოდიანის განმარტებით,  მიხეილ სააკაშვილის შვილი არ დაუკავებიათ და მისი ცალკე გადაყვანის მიზეზი ის გახდა, რომ აეროპორტში ბავშვს არავინ დახვდა. სლობოდიანის თქმით, აეროპორტში სააკაშვილის მისვლის შემდეგ მას ბავშვი გადასცეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]