weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყვარლის გამგებელს ბიზნესმენი მეუღლე 500-ლარიანი კონტრაქტით ჰყავდა დასაქმებული

14:54 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

ყვარლის ყოფილ გამგებელს ილია მზექალაშვილს თავისი მეუღლე ეკატერინე ზაუტაშვილი, რომელსაც ბიზნესიდან წლიური შემოსავალი 120 000 ლარი აქვს, გამგეობაში ხელშეკრულებით ჰყავდა დასაქმებული და თვეში 500 ლარის ოდენობით ხელფასს უხდიდა.

შრომითი ხელშეკრულება ყვარლის გამგებელსა და მის მეუღლეს შორის 2016 წლის 1 ივლისს გაფორმდა. ილია მზექალაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ზაუტაშვილმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის სახით 2964 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 500 ლარამდე თანხა მიიღო

იმ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება თავის მეუღლეს. 

„რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ეკატერინე ზაუტაშვილი ბიზნესმენია, - ფლობს შპს „ქინძმარაული ყვარელის“ კაპიტალის 40 % წილს. იმავდროულად, მას ფერმერული მეურნეობაც აქვს, - 2016 წელს რძისა და რძის პროდუქტების რეალიზაციის შედეგად 120 000 ლარის, 2015 წელს კი 60 000 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. 

საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად,ბიზნესში საქმიანობდა თვითონ ყვარლის ყოფილი გამგებელიც. იგი შპს „გუნაშაური ენდ კომპანის“ პარტნიორია და დღემდე 35 % წილს ფლობს. ყურძნის მოსავლის რეალიზაციით მან 2016 წელს 150 000 ლარი მიიღო, 2015 წელს კი 71 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ ყვარლის გამგეობასთან არსებულმა საკუთრების აღიარების კომისიამ 2017 წლის 30 მაისს ეკატერინე ზაუტაშვილს საკუთრებაში უსასყიდლოდ დაუკანონა ქალაქ ყვარელში მდებარე ორი სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 3.5 ჰექტარია.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება დაიშვება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მოქალაქეებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ინფორმაცია ამ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი ფლობის თაობაზე ილია მზექალაშვილს 2017 წლამდე არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია.

ილია მზექალაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იკავებდა. უფლებამოსილება მას 2017 წლის 11 ნოემბერს შეუწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]