weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება შეაფერხებს ქალაქებისა და სოფლების განვითარებას“

13:53 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

„7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, შეაფერხებს ქალაქებისა და სოფლების განვითარებას, შექმნის უთანასწორო პირობებს ქალაქისთვის“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სამართლიანი არჩევნების მიერ კვლევის შედეგად მომზადებულ ანგარიშში.

კვლევაში წარმოდგენილია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის (ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები.

უმთავრესი პრობლემა, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, საკრებულოების მიერ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და გადაწყვეტილების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით მიღებაა.

როგორც ცნობილია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისს 7 თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტს გაერთიანების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც, საკრებულოებმა დაჩქარებული წესით, რამდენიმედღიანი შუალედით, რიგგარეშე სხდომებზე მოიწონეს სამინისტროს წინადადება. ამის პარალელურად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ აუცილებელი მოთხოვნაა. ამის მიუხედავად, მთავრობის ინიცირების საფუძველზე, პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისს დადგენილებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმა.

„კვლევის თანახმად, ასევე, დადგინდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას. მაგალითად, მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რის საფუძველზე აცხადებდა, რომ არ გაუმჯობესებულა მოქალაქეთა ჩართულობა, სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, სინამდვილეს არ შეესაბამება - თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და გორის ბიუჯეტების ანალიზი საპირისპიროს ამტკიცებს. რაც შეეხება სხვა არგუმენტაციას ადმინისტრაციული ხარჯების გაორმაგების, ხარჯვის ეფექტიანობის გაუარესებისა და სხვა საკითხების შესახებ, ამ შემთხვევაშიც, მთავრობას სათანადოდ დადასტურებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

კვლევის ავტორ არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესმაწარმოქმნა მმართველობითი ხასიათის პრობლემები. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, იმ პერიოდისთვის არსებულმა 14-მა თვითმმართველმა ერთეულმა (საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა) არსებობა შეწყვიტა და სწორედ აგვისტოს ბოლოდან შეიქმნა 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე, გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები - საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არსებობდნენ. ასევე, წარმოქმნა საბიუჯეტო პრობლემები, რადგან აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ არსებობდა 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - მუნიციპალიტეტები - აღარ არსებობდნენ.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების საფუძველზე, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რაც შექმნის ადამიანის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეს და მოსახლეობის ერთ ადგილას კონცენტრაციას ხელსშეუშლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]