weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სერჟ სარგსიანი - კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით

22:25 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ქართული და უცხოური მედიისთვის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის. მარგველაშვილის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს საქართველო - სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელიშესრულდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ ჩართულობაზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთი მცდელობა მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სერჟ სარგსიანის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური მიმართულების თემები.

„ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს, ყოველთვის, ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები, ისეთი განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს. მე ვფიქრობ, როგორც ქართული, ასევე სომხური მხრიდან, ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, აქ მყოფ ვიცეპრემიერებს, მინისტრებს შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის და კიდევ ვაცხადებ, რომ ჩვენ ღრმად დაინტერესებულნი ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრენი“, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და სომხეთის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტებმა, დელეგაციებთან ერთად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს. მიმდინარე წლის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაზრდილია 24%-ით, ვიზიტორთა რაოდენობა კი 18.5%-ით. დელეგაციები თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

დელეგაციებს შორის შეხვედრისას საუბარი შეეხო: მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ენერგეტიკისა და ბიზნესის სფეროებში და ასევე კულტურისა და განათლების მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხს.

როგორც აღინიშნა, საქართველო მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ცნობილია, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე შეთანხმება გაფორმდა.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. საკითხი შეეხო, როგორც საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკას.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერჟ სარგსიანს რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ნოემბერში, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნით გადადგა და ასევე გაკეთდა განცხადება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პოსტის გახსნის შესახებ.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მიუწვდომელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის განათლების მიღების უფლება.

პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვექტორის სახელმწიფოების თანამშრომლობისათვის, რომლითაც სარგებელის მიღება შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში განვითარებითა და ჯანსაღი კონკურენციით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]