weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იური ლუჟკოვის საქართველოს შავ სიაში შეყვანას რუსეთი პროვოკაციად აფასებს

22:21 ორშაბათი, 15 მაისი 2017

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. უწყებაში ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებენ და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკები.

„როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი სისტემატურ პროვოკაციებს აგრძელებს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს უთხრის ძირს. ასეთი ქცევის რაციონალურად ახსნა ძნელია, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას ქართული ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს.

როგორც არ უნდა იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია კვლავ მიაპყროს რუსეთის მოქალაქეების ყურადღება იმ გარემოებისკენ, რომ აუცილებელია, საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკები ყურადღებით აწონ-დაწონონ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლო იური ლუჟკოვის წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება და „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს ანალოგიურ სიტუაციაში ჯარიმა დაეკისრათ და თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული კანონი 3 ათას აშშ დოლარამდე ჯარიმას ან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც 2009 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, საქართველოში მაისის დასაწყისში ჩამოვიდა. ბორჯომში ყოფნის დროს მან განაცხადა, რომ საქართველო უკეთ იგრძნობს თავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ. მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს პრობლემა არ შექმნია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან.

იური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

როგორც 9 მაისს, შსს–მ განმარტა, კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა – 6 წელი უკვე გასულია და შესაბამისად, იური ლუჟკოვის წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ლუჟკოვს სპეციალურ სიაში შეიყვანენ, რის შემდეგაც ის საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.

ქართული მხარის ამ განცხადებას ლუჟკოვმა „უგუნური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებას რამდენიმე თვეში აპირებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]