აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

კვირიკაშვილი - საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ტრადიცია მთავარი მონაპოვარია

12:40 - 12 თებერვალი 2018 hits 506

საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ. ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა.

„ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისთვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს საქართველოს ეკლესია, მღვდელმთავრები და პატრიარქები ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდნენ.

„ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, წმინდა სინოდისა და საქართველოს ეკლესიის, ასევე - სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]