weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გამგებლობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზი გაუქმდა

13:48 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე კახა კუკავას კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის მერობის/გამგებლობის კანდიდატებისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი შეზღუდვის - ბინადრობის ცენზის კონსტიტუციურობას.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომელთა თანახმად პირი ვერ მიიღებდა მონაწილეობას საკრებულოს წევრის, მერის/გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელ არჩევნებში, თუ არჩევნების დანიშვნამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევდა პირის უფლებას არჩევნებში მონაწილეობის გზით დაეკავებინა სახელმწიფო თანამდებობა.

საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ცენზის/მოთხოვნის დაწესება არ არის შეუთავსებელი დემოკრატიულ მმართველობასთან. იმავდროულად, არჩევნებზე დაუშვებელია კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დაწესება და ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა.

სასამართლომ განმარტა, რომ საკრებულოს არჩევნები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა კონსტიტუცია არ ადგენს სადავო ნორმებით განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს (ცენზებს) საკრებულოს წევრთან მიმართებით. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია რაიმე საფრთხეზე, რომლის პრევენციასაც სადავო ნორმები ემსახურება.

მერობის/გამგებლობის კანდიდატისთვის წარდგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შეფასებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები კანდიდატს უდგენდა არა კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის, არამედ ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების მოთხოვნას. სასამართლომ აღნიშნა რომ, დადგენილი ცენზი ვერ იქნება პირის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გარანტია. სადავო ნორმებით განსაზღვრული ცენზის დაკმაყოფილება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პირის ჩართულობას სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან, შეზღუდვა არ არის მიმართული კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის საჭიროებების ცოდნისკენ.

აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა საარჩევნო კოდექსის 134-ე, 143-ე და 167-ე მუხლებით დადგენილი, ბინადრობის ცენზთან დაკავშირებული ნორმები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]