weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ქართული ოცნება“ ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით აქციებს გამართავს

15:26 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს გამართავენ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი კვირკველიამ განაცხადა, აქციები დღეს დაიწყება და არ შეწყდება, ვიდრე ჩაჩანიძე არ გადადგება.

„მერიის საშტატო ნუსხის და ხელფასების გაზრდის თაობაზე, გუშინ, გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ. თუმცა, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე ალბათ ნიკა მელიასთან შეთანხმებით აცხადებს, რომ ხელს არ აწერს სხდომის ოქმს და კანონს უკეთებს სრულ იგნორირებას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ზაზა ჩაჩანიძის მიერ ერთად დაგეგმილი საბოტაჟი ბორჯომის მოსახლეობის წინააღმდეგ. ამას ბორჯომის მოსახლეობა აუცილებლად გასცემს პასუხს“, - განაცხადა კვირკველიამ.

მისივე თქმით, უკმაყოფილება გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მერიის თანამდებობის პირების ხელფასების გაზრდას არ თანხმდება, არამედ იმითაც, რომ „ბორჯომი გაჩერებულია და ვერ ვითარდება“.

„აქ მარტო ხელფასებზე არ არის საუბარი. გაჩერებულია ბორჯომი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, უამრავი პროექტია გასაკეთებელი, რათა ჩვენი ქალაქი განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, მეტი შემოსავალი შემოვიდეს. ზაზა ჩაჩანიძე ნიკა მელიასთანდა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით ამას ხელსუშლის. ეს ადამიანი უნდა გავაყოლოთ ნიკა მელიას და წაიყვანოს გნებავთ მიხეილ სააკაშვილთან, გნებავთ ვანო მერაბიშვილთან და ახალაიებთან. დაიჭირონ ცოცხები და ერთად იზეიმონ პატარა საკრებულოს შექმნა“, - აღნიშნა ირაკლი კვირკველიამ.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას. 28 თებერვალს საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული, პოლიციელები საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს შენობაში არ უშვებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს, საკრებულოს შენობაში დაპირისპირების და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ უშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]