weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საგანგაშო და სახიფათოა ის, რაც ბორჯომში ხდება – დავით უსუფაშვილი

15:24 პარასკევი, 02 მარტი 2018

„ის, რაც ბორჯომში ხდება, საგანგაშო და სახიფათოა, განსაკუთრებით თუ ეს პრეცედენტად იქცა. ეს მოსახლეობაში თვითმმართველობისადმი უნდობლობას გააჩენს. პოლიციით და სპეცრაზმით ასეთი თემები არ და ვერ გვარდება. მერიის მიერ ორგანიზებული გაფიცვები ძალიან დიდი სირცხვილია და იმედია, მალე გაიაზრებენ და შეწყვეტენ“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

„ბორჯომში განვითარებული მოვლენების შემხედვარე ადამიანები ალბათ ნელ-ნელა სწორედ იმ აზრით განეწყობიან, რომ საერთოდ ღირს ეს აურზაური, ეს არჩევნები, მაშინ, როდესაც აქამდე უნდა მივიდეს საქმე. იქნებ ჯობია ძველი სისტემა და რაიკომის მდივნები აღვადგინოთ? ბორჯომსაც ჰყავდა რაიკომის მდივანი და ბორჯომელებს არავინ არაფერს ეკითხებოდა. კომუნისტური პარტია პირდაპირ ნიშნავდა პირველ მდივანსაც, მეორე მდივანსაც, მესამესაც და აღმასკომის ხელმძღვანელსაც. იყო ყველაფერი წყნარად და მშვიდად. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეები უფრო მეტად ჩავრთოთ თვითმმართველობაში, დაინახონ, რომ მათ მიერ არჩეულ საკრებულოს წევრებს აქვთ მუშაობის და პრინციპული დებატების საშუალება, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე თანხმდებიან, ეს ყველაფერი გადაფარულია ამ ძალიან სახიფათო, დესტრუქციული მოვლენებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ სიტუაცია საგანგაშოა და ადეკვატური შეფასება, პირველ რიგში, მმართველმა გუნდმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

„ის რაც ბორჯომში ხდება დაუყოვნებლივ პოლიტიკურად შესაფასებელია. სახელისუფლებო, საჯარო სისტემების პარალიზება, ყველასთვის დიდი უბედურება იქნება, პოზიციისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ამიტომ შევასრულოთ კანონი. კანონი მოგონილია სახელმწიფოს სამართავად და იმ კანონში თუ წერია, რომ ეს საკითხი საკრებულოს გადასაწყვეტია, კეთილი ინებოს ყველამ და ეს შეასრულოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მერიის თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. როგორც „რეგინფოს“ ბორჯომის მერმა განუცხადა, გაფიცულები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებას ითხოვენ, ამ საკითხების გადაწყვეტამდე კი მერია მუშაობას არ განაახლებს.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თქმით, ბორჯომის მერს ან საკრებულოს წევრთა ნაწილს საკრებულოს თავმჯდომარისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით.

1-ელ მარტს, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია საკრებულოს შენობაში არ უშვებდა წინა დღით მომხდარი დაპირისპირების გამო. შსს-ს განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. გუშინ ბორჯომში ათეულობით პოლიციელის გარდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასეულობით თანამშრომელიც იყო მობილიზებული.

საკრებულო მერიას გაზრდილ ხელფასებს არ უმტკიცებს, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას დაუპირისპირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]