სექტემბერი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბორჯომის მერია საკრებულოს დასამტკიცებლად კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს

12:06 - 11 მარტი 2018 hits 709

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ახალ საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების გაზრდილ ოდენობას საკრებულოს დასამტკიცებლად მეხუთედ წარუდგენს. ბორჯომის მერმა, ლევან ლიპარტიამ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, „გადადგან ერთადერთი გონივრული ნაბიჯი და სახელფასო ცვლილებას მხარი დაუჭირონ“.

„რამდენიმე დღის წინ საკრებულოს წარვუდგინეთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ჩემი პირადი ანაზაღაურების ცვლილებაზე ვთქვი უარი. მოთხოვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩვეულებრივი საჯარო მოხელეების სარგოს ცვლილება, რომელებიც რამდენიმე თვეა სრულიად უხელფასოდ ემსახურებიან მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღეთ დოკუმენტი-შეთავაზება, რომელშიც, ჩემთვის სრულიად გაუგებრად და პროვოკაციულად საუბარია ჩემი სახელფასო სარგოს ზრდაზე და იმაზე, რომ დანარჩენი თანამშრომლების სახელფასო სარგოს ცვლილება არ მოხდეს და პირიქით, შემცირდეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან და რომლებიც თვეებია სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან მუნიციპალიტეტს.

ჩვენს მიერ კიდევ და კიდევ ჩაგზავნილი იქნება საკრებულოში დოკუმენტი, ისევ უცვლელად. დაფიქსირებული იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს სრულიად კანონიერად გაეზარდოს ხელფასი, ხოლო ჩემი სახელფასო სარგო დარჩეს იგივე და უცვლელი“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მისივე თქმით, თუ საკრებულო მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს არ დაამტკიცებს, „ეს იქნება საბოტაჟი და მცდელობა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კრიზისი ხელოვნურად გამოიწვიონ“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, საკრებულო ხელფასების მცირედით გაზრდას დაუჭერს მხარს.

„ჩვენ არავის არ ვერჩით პიროვნულად. თუ უნდათ თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება, თანახმა ვართ, რიგით თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდოთ. სამსახურების უფროსებმა 150 ლარით მოიმატონ და არა 450-ით. მერს ვთავაზობთ არა 950-ით, როგორც ჰქონდა ჩამოწოდებული, არამედ 300 ლარით მოიმატოს ხელფასი“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ინტერვიუში.

ჩაჩანიძის თქმით, ლევან ლიპარტია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ძველი საშტატო ნუსხით მერიის თანამშრომლებზე ხელფასის გაცემა არ შეუძლია.

ბორჯომის მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე ოთხჯერ მიმართა. მეოთხედ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მერის ხელფასი უცვლელი - 2650 ლარი რჩებოდა, მოთხოვნილი იყო მერის მოადგილეების და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასების გაზრდა. საკრებულომ რიგგარშე სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა და დოკუმენტი მოტივირებული შენიშვნებით მერიას უკან დაუბრუნა.

საკრებულო მერიას სთავაზობს, მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას ხელფასი გაიზარდოს და 2650 ლარის ნაცვლად, განისაზღვროს - 3000 ლარით; მერის მოადგილეების ხელფასი 2000 ლარიდან გაიზარდოს 2200 ლარამდე და არა 2600 ლარამდე, როგორც ამას მერია ითხოვს. სამსახურების უფროსების კი 1550 ლარიდან გაიზარდოს 1700 ლარამდე, განყოფილების ხელმძღვანელების კი 1400 ლარამდე.

მერიის განცხადებით, ახალი საშტატო ნუსხისა და ხელფასების ოდენობის დამტკიცების გარეშე თანამშრომლებზე ხელფასები ვერ გაიცემა, რის გამოც მერიის თანამშრომლებს იანვარსა და თებერვალში ანაზღაურება არ მიუღიათ. 1-ელ მარტს მერი და მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ბორჯომში გაიმართა საპროტესტო აქციაც, სადაც საშტატო ნუსხის დამტკიცების მიზნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და ასევე, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა მოითხოვეს.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს. 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.„პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]