weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მინისტრის მოადგილე მოითხოვდა კონკრეტული პირი მოადგილედ უპირობოდ დამენიშნა – თამარ ბაგრატია

14:04 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

„გუშინ, 14 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა. მიზეზი კი რეორგანიზაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო. მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მითუმეტეს მიმაჩნია, რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი“, - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.

„მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ჩემზე ზეწოლას მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა როგორც სატელეფონო საუბრებში, ასევე „ვაიბერში“ მიმოწერით. გარემოს ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია ქვეყანაში ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგზე, პრევენციაზე და ა.შ. ულტიმატუმივით იყო, რომ მე 17:00 საათზე აუცილებლად უნდა მომეწერა ხელი ამ ადამიანის დანიშვნაზე. ეს ადამიანი დამიკავშირდა კიდეც, უკვე მოდიოდა სააგენტოში, რომ განცხადება დაეწერა. მე მას ვუთხარი, რომ დროებით გაჩერებულიყო, არ მოსულიყო, რადგან არ ვაპირებდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მას შემდეგ, რაც დღე იწურებოდა და მეც კარგად გავაანალიზე სიტუაცია, ჩავთვალე, რომ უმჯობესი იყო მე დამეტოვებინა სააგენტოს უფროსის თანამდებობა. ჩემი აზრით, ასეთ პირობებში, როდესაც მინისტრის მოადგილე ულტიმატუმებით საუბრობდა და ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, თავი ავარიდე საკითხის შემდგომ ესკალაციას და გადავწყვიტე, თვითონ დამეტოვებინა თანამდებობა. ეს ნაბიჯი არის ჩემი მხრიდან პროტესტი ამ ფაქტზე. არ ვაპირებ სინდისთან კომპრომისებზე წასვლას და ჩემი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს“, - განაცხადა ბაგრატიამ. 

მისივე თქმით, უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და მანაც დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. 

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფს, თუმცა არსებობს სატელეფონო მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული მოთხოვნა კონკრეტული პიროვნების შესახებ და ჩემი უარყოფითი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით. ვაპირებდი მინისტრთან შეხვედრას, მაგრამ თანამდებობის დატოვებამდე მასთან კომუნიკაცია ვერ შევძელი“, - აცხადებს თამარ ბაგრატია. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელისთვის უცნობია, თემურ მთივლიშვილი, რომლის დანიშვნასაც მინისტრის მოადგილე ითხოვდა, დაინიშნა თუ არა თანამდებობაზე. თემურ მთივლიშვილი აქამდე გარემოს დაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

თამარ ბაგრატიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა და გადაწყვეტილება ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობით ახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]