weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბორჯომის საკრებულოს 28 წევრიდან 15-მა თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვა

18:01 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 13 წევრის მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ოპოზიციონერი ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების შესახებ, „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრიც შეუერთდა. ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხს სავარაუდოდ 28 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.

ლეიბორისტული პარტიიდან საკრებულოს წევრის გიორგი გიუაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ტატა მარტინენკომ და მამუკა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, ხელი პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის მითითებით მოაწერეს: „ინაშვილმა გაგვყიდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულო ორი წევრი მისი დავალებით გადაიბირა“.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თქმით, ტატა მარტინენკო ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და ის პარტიის დავალებებს ასრულებს.

„მართალია თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი მეც „პატრიოტთა ალიანსიდან“ ვიყარე, თუმცა მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. რაც შეეხება მამუკა ლურსმანაშვილს, მასთან არ მისაუბრია. შესაძლოა, ზეწოლის ქვეშ არის. ამასთან, საკრებულოს წევრებს უარი ვუთხარით ფრაქციების შექმნაზე, შედეგად რამდენიმე ათეული ათასი ლარი დავზოგეთ, მერიიის თანამდებობის პირებს არ ვუმტკიცებთ გაზრდილ ხელფასებს და ამ ყველაფრის შედეგია იმპიჩმენტის მოთხოვნა“, - უთხრა ზაზა ჩაჩანიძემ „რეგინფოს“.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ტატა მარტინენკოს და მამუკა ლურსმანაშვილს ვერ დავუკავშირდით. რატომ შეცვალეს მათ გადაწყვეტილება და რატომ ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, ამ საკითხზე მათგან განმარტებების მიღებას კვლავ ვეცდებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-მა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა. ამის გამო კი მერიის თანამშრომლები მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ. საკრებულო მერიას სთავაზობს, მერის მოადგილეების ხელფასი 2000 ლარიდან გაიზარდოს 2200 ლარამდე და არა 2600 ლარამდე, როგორც ამას მერია ითხოვს. სამსახურების უფროსების კი 1550 ლარიდან გაიზარდოს 1700 ლარამდე მოთხოვნილი 2000 ლარის ნაცვლად, განყოფილების ხელმძღვანელების კი - 1400 ლარამდე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს. 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერი და მერიის თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ კიდეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]